Daily Telegraph: კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით თვალშისაცემია

რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს გაერთიანებულმა სამეფომ პატარა ქვეყნების მაგალითიდან სრული კარანტინის თავიდან ასაცილებლად, - ამ სათაურით მასალას ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი აქვეყნებს. სტატიის ავტორი კამილა ტომინეი აღნიშნავს, რომ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული.

„კორონავირუსის ეპიდემიამდე საქართველოს არც თუ ისე მაღალი ადგილი ეკავა ჯანდაცვის გლობალურ ინდექსში, რომელშიც შეფასებულია ქვეყნების უნარი დაავადებებთან ბრძოლაში. მზადყოფნის კატეგორიაში საქართველოს შარშან 42-ე ადგილი ეკავა და ძალიან უმნიშვნელოდ გამოიყურებოდა უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია და შვედეთი) შედარებით, მაგრამ მაშინ, როცა COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა გასულ კვირას მილიონს გადააჭარბა, საქართველოს მაგალითი განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვა ევროპულ ქვეყნებს შორის. გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა აქ მოულოდნელი წარმატებით მიმდინარეობს. იმდენად წარმატებით, რომ ამ სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის საქართველოში არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირდა, ხოლო 148 დადგენილი შემთხვევიდან ყველა იმპორტირებულია ან უშუალო კავშირშია იმპორტირებულ შემთხვევებთან.

მსგავსი სიტუაციაა ლატვიაში, სადაც გარდაცვალების 1-ლი შემთხვევა დაფიქსირდა 2 აპრილს (90 წლის ქალი), ასევე მეზობელ სლოვაკეთში (1 გარდაცვლილი), ბელარუსში (4 გარდაცვალებული), ლიეტუვა (9 გარდაცვლილი), ესტონეთი (11 გარდაცვლილი) და უკრაინა (17 გარდაცვლილი). ამასობაში კი შედარებით შეძლებულ დასავლეთევროპულ ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია) გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. რატომ?

მართალია, გასათვალისწინებელია ზოგიერთი აღმოსავლეთევროპული სახელმწიფოს მცირერიცხოვანი მოსახლეობა, მაგრამ, როგორც ჩანს, საგანგაშო მდგომარეობის გამოცდილების წყალობით ეს ქვეყნები უკეთ არიან მომზადებულნი, ვიდრე მათი უფრო კომფორტული ცხოვრებით განებივრებული მეზობლები.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ (პარტია „ქართული ოცნება“) DailyTelegraph-ს განუცხადა, აქ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ „ადრეულ ეტაპზე გადამწყვეტი ზომების მიღება“, არამედ ის ფაქტიც, რომ „ისტორიულად ქართველები ყოველთვის ებრძოდნენ და ამარცხებდნენ გასაჭირსა და პრობლემებს“.

„როგორც მთავრობამ, ისე ქართულმა საზოგადოებამ სწრაფად გააცნობიერეს ამ საფრთხის მასშტაბები. ადრეულ ეტაპზე მოქმედებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ვირუსთან ბრძოლაში და ეკონომიკის დაცვის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა გახარიამ.

ალექსანდერ სკრივენერის (ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელი) ნაშრომში, რომელიც ამ საკითხის შესწავლას ეძღვნება, ვკითხულობთ: „სიმდიდრე არ არის კრიზისის დროს ეფექტიანი სტრატეგიის გარანტია. ადრეულ ეტაპზე არსებობს მინიშნება, რომ უფრო შეძლებული ქვეყნები ნაკლებად ეფექტიანები არიან, ვიდრე შედარებით ღარიბი ქვეყნები - სულ მცირე, საწყის ეტაპზე“.

ნიდერლანდებისა და საქართველოს შედარებისას, სადაც პირველი შემთხვევა თითქმის ერთდროულად (თებერვლის ბოლო) დაფიქსირდა, ავტორი აცხადებს, რომ „ნიდერლანდებში რეალური მაჩვენებელი ათობით ათასს ითვლის მაშინ, როცა საქართველოში ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, ჯერ კიდევ 100-ზე ნაკლებია“, რადგან საქართველომ დაკეტა საზღვრები, შემოიღო სოციალური დისტანცირების მკაცრი წესები და საერთოდ შეაჩერა ფრენები, ხოლო ნიდერლანდების რეაქცია „უკიდურესად თვითკმაყოფილი“ გახლდათ.

ნიდერლანდებში „ბიზნესი ჩვეულებისებრ ზეობდა, ხოლო „პანიკის“ (რომელიც საერთოდ არ შეიმჩნეოდა) პრევენცია იქცა პრიორიტეტად ვირუსის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის ხარჯზე“. „კოლექტიური იმუნიტეტის“ გეგმის წარდგენისას, რომელზეც ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ სიამაყით დაიკვეხნა, რომ ნიდერლანდელები „პრაგმატული ხალხია“. მთავრობამ დაიწყო მოქმედება და შემოიღო სოციალური დისტანცირება, ისიც ძირითადად ნებაყოფლობითი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა. ისევე, როგორც შვედეთს, ნიდერლანდებსაც უკვე აკრიტიკებენ არასათანადო მიდგომის გამოყენებაში.

ხსენებულ მიდგომებში არსებით განსხვავებებს სკრივენერი ხსნის იმ ფაქტით, რომ ქვეყნებმა, რომლებსაც ახსოვთ ახლო წარსულში მასშტაბური საზოგადოებრივი კრიზისები, ბევრად უფრო პროაქტიულად უპასუხეს ამ გამოწვევას, ვიდრე უფრო აუღელვებელი უახლესი ისტორიის მქონე ქვეყნებმა.

„სწორედ კრიზისების შესახებ მოგონებები აკავშირებთ ერთმანეთთან აზიის ქვეყნებს, რომლებმაც ასე ეფექტიანად შეაჩერეს ვირუსის გავრცელება, ისეთ პოსტ-კომუნისტურ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, და ეკონომიკური პრობლემებით დათრგუნულ სამხრეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საბერძნეთი. და პირიქით, ქვეყნები, სადაც მეტ-ნაკლები სიმშვიდე და კეთილდღეობა სუფევდა (2008 წლის კრიზისის შემდეგაც კი): ჰოლანდია, გაერთიანებული სამეფო და აშშ - აშკარად აყოვნებდნენ ამ საფრთხის გაცნობიერებას“.

ამ მოსაზრებას იზიარებს რუსული, ევროპული და ევრაზიული კვლევების ცენტრის აღმოსავლეთევროპული პოლიტოლოგიის პროფესორი, კატარინა ვოლჩუკი.

„გარდა იმისა, რომ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს წარსულში დაძლეული აქვთ სერიოზული კრიზისები, მათ ასევე იციან, რომ მათი ჯანდაცვის სისტემა [ამ კრიზისს] ვერ გაუძლებს. გაერთიანებულ სამეფოში კი ხალხმა იცის, რომ შეიძლება ჰქონდეს ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის იმედი - მაგრამ ეს მოლოდინები გადაჭარბებულია“.

ავტორი აღნიშნავს, რომ 3,7-მილიონიანი მოსახლეობის მქონე საქართველოში, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა, მოსახლეობა იძულებული იყო, შეჩვეულიყო რეგულარულ „უშუქობას“ და ექიმებისთვის „ჯიბეში“ ფულის ჩადების აუცილებლობას. ვოლჩუკის თანახმად, „მათ ახსოვთ ის დრო, როცა მდგომარეობა უკიდურესად რთული იყო. მათ იციან, რომ აქ ლაპარაკია თვითგადარჩენაზე და მათ უმოქმედობის ფუფუნება არ აქვთ“.

დღეს საქართველოს პროფესიონალი მედიკოსები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები აღარ არიან კორუმპირებულნი და მოსახლეობა მათ ხელისგულზე ატარებს. „ექიმის სიტყვას ქართველი ხალხი უპირობოდ უსმენს და ასრულებს. ისინი შეჩვეულნი არიან ბრძანებების შესრულებას“.

ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მაგალითი მკვეთრად განსხვავდება ისეთ ქვეყნებისგან, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი, უნგრეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც უფრო ავტორიტარული ხელისუფლება „წარმატების შედეგად უფრო „ქულების დაწერით“ არის დაკავებული, ვიდრე პრობლემის რეალურად აღმოფხვრით“. ხელისუფლების უნდობლობა კი ნიშნავს, რომ ხალხი ნაკლებად შეასრულებს მითითებებს.

იგორ გრიაზინი (ესტონეთის დამოუკიდებლობისთვის მოძრაობის ერთო-ერთი ლიდერი და 1991 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს წევრი ბორის ელცინის პერიოდში) აღნიშნავს, რომ ისეთი მცირე ევროპული ქვეყნებისთვის, როგორიცაა ესტონეთი, კრიზისების დროს საზღვრების კონტროლის და უცხოური დახმარების გამოცდილება სასარგებლო აღმოჩნდა.

„ესტონეთი - ქვეყანა, რომელსაც მოუწია ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, უკეთ იცავს თავის საზღვრებს, ვიდრე ბევრი სხვა სახელმწიფო. ჩვენ წლების განმავლობაში ვემზადებოდით რუსეთის მხრიდან შემოჭრისთვის, რაც უფრო რთულია, ვიდრე კორონავირუსი“, - აცხადებს გრიაზინი.

13 მარტს ესტონეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა - მას შემდეგ, რაც საარამაას კუნძულზე კორონავირუსი შეიტანა იტალიელი ფრენბურთელების გუნდმა PowerVolleyMilano, რომელიც მონაწილეობდა 2019-2020 წლების შეჯიბრში CEV ChallengeCup. ყველა სახის ღონისძიება გაუქმდა, მათ შორის სპორტული და კულტურული, შეწყდა სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, აღდგა სასაზღვრო კონტროლი და ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წერტილებში შეიქმნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პუნქტები.

ესტონეთში დაავადებულთა და მომაკვდავთა მოვლის პასუხიმგებლობა დაევალა სამხედრო-სამედიცინო სამსახურს, რასაც გრიაზინი ასე ხსნის: „რადგან ჩვენ და სხვა პატარა ქვეყნები ნატოს ოპერაციებში ვერ ვაგზავნით იმდენ მებრძოლსა თუ ტანკს, როგორც, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია, ჩვენი ფუნქციები უფრო კონცენტრირებულია სამედიცინო დახმარებაზე. ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტიანი სამედიცინო და საინჟინრო კორპუსები, რომლებსაც აქვთ შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის გამოცდილება. შესაბამისად, ჩვენი სამედიცინო სპეციალიზაცია ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა“.

წყარო: imedinews.ge