შრომის ინსპექციამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო ბათუმში შვიდი ქსელური მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბათუმში ინსპექტირება სხვადასხვა სექტორული მიმართულებით განხორციელდა.

კერძოდ, ფერაძის განმარტებით, შრომის ინსპექციამ შეამოწმა, სასტუმროები, ქსელური მარკეტები, სარიტუალო დარბაზები და 30 კვების ობიექტი.

ფერძის განცხადებით, შვიდი მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დაჯარიმდა, ხოლო კვების ობიექტებმა მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

„ჩვენ შევამოწმეთ ქსელური მარკეტები, საცალო საბითუმოს მიმართულებით, რვა ქსელური მარკეტი შემოწმდა. შვიდი მათგანი დაჯარიმდა და მათი სახელები შრომის ინსპექციის „ფეისბუქ“ გვერდზე დღეს გამოქვეყნდება. ასევე გადამოწმდა რვა სასტუმრო, საიდანაც ორმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და დაჯირმდა 10 000 ლარის ოდენობით. ასევე დადგინდა, რომ სამმა სარიტუალო დარბაზმა აკრძალვების მიუხედავად განახორციელა სხვადადხვა ღონისძიება, რის გამოც სამი მათგანი დაჯარიმდა. 17-მა ასეთი ტიპის დარბაზმა გაითვალისწინა მოთხოვნები და დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფერაძის განმარტებით, ამ დღეების განამვლობაში 500 ობიექტის გაფრთხილება და ინფორმირება განხორციელდა.

„გუშინ ჩვენ მოვახდინეთ გეგმური ინსპექტირება 30 კვების ობიექტზე როგორც ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე და დადგინდა, რომ ყველა აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. გრძელდება ზედამხედველობა და შემოწმდება ის ლოკაციები, სადაც ერთ სივრცეში ადამიანების დიდი კონცენტრირება ხდება, მათ შორის სავაჭრო მოლები, ბაზრები, სპორტული დარბაზები“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. 

 

წყარო: 1tv.ge